ქართული ოცნება

წულუკიანი: უცხოელთა ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიჰყიდოს თავი, თითქოს ისაა თვით დასავლეთი

ჩემი აზრით, არ შეიძლება, ერთმა სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს.

თუმცა არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ. უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა, და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და პოლონელები, ყველა გვერჩის ერთიანად. ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი.

უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მე მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია ქართული პოლიტიკით, პირდაპირ ერევა, ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს.

ასევე არის ბატონო იან კელი - ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ.

არიან კიდევ სხვებიც, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში და ის განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, ასევე, კოლექტიური ჟიგიმანტასები თუ რაც ჰქვია და ა.შ.

ესენი არიან პატარა ჯგუფი და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა. ისინი არ გვთვლიან მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან.

ვიცეპრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედზე.

კომენტარები