ფინეთი-შვედეთი-NATO

სტოლტენბერგი: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსს მივაღწევთ

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იან სტოლტენერგის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას. 

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა წლების განმავლობაში წარმატებული იყო, ხოლო შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათი NATO-ში გაწევრიანება მთელი კონტინენტისთვის ისტორიული მომენტი იქნება.

"თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოხატეს ეჭვი და როგორც NATO-ში ყოველთვის ვიქცევით, როდესაც  გარკვეული ეჭვები და კითხვის ნიშნები არსებობს, ჩვენ ვსხდებით სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, NATO-ს წევრობის საკითხის გადაჭრაზე საერთო ენას გამოვნახავთ და კონსენსუსს მივაღწევთ. ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა და ასევე ყველა თანხმდება, რომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა დიდი წარმატებით სარგებლობდა წლების განმავლობაში. ფინეთი და შვედეთი კი წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამ დროისთვის ისინი ჩვენი უახლოესი მოკავშირეები არიან, რომლებიც NATO-სთან უკვე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ. თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადის შეტანას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისთვის, ფინეთისა და შვედეთისთვის და NATO-სთვის". – თქვა სტოლტენბერგმა. 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები