მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იუსტიცია: სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, მისივე გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს

მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ სააკაშვილის "ქცევიდან მომდინარე" ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების შესამცირებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტს შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, - "რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყების სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, ხოლო ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების ჩატარებას

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.

მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში". - წერია განცხადებაში.

10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზეს. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ ვივამედში ჩაუტარდება ექსპრეზიდენტს გამოკვლევები და "საჭიროების შემთხვევაში" შესაბამისი მკურნალობა.

მოგვიანებით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ 5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად არის, გამოკვლევებისთვის კლინიკა VIVAMED-ში გადავიდეს


სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები