მიხეილ სააკაშვილი

"პასუხის მიღების შემდეგ, მზად ვარ, გადავიდე VIVAMED-ში" – მიხეილ სააკაშვილი 5 პირობას აქვეყნებს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად არის, გამოკვლევებისთვის კლინიკა VIVAMED-ში გადავიდეს. 

"საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,

ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა ვივა მედში გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიადან, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი.

2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს.

3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი ემპათიის ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;

4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე ვივა მედში

5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით". - წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.  

დღეს, 10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზეს. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ ვივამედში ჩაუტარდება ექსპრეზიდენტს გამოკვლევები და "საჭიროების შემთხვევაში" შესაბამისი მკურნალობა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები