იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანას შესთავაზებენ. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ ვივამედში ჩაუტარდება ექსპრეზიდენტს გამოკვლევები და "საჭიროების შემთხვევაში" შესაბამისი მკურნალობა.
"მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც, საკუთარი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად უარს ამბობს სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივამედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" - განაცხადა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ "პატიმრის გაყვანა ქვეყნის გარეთ არ ხდება".
სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.
სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.
თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.