მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს – ომბუდსმენის კონსილიუმი

მიხეილ სააკაშვილი

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

"უფრო სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიას, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს, რომ პაციენტის უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. იმ ცილებს, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, იღებს ორგანოების და კუნთების დაშლის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება და ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

ამჟამად ის იღებს რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე, 600-800 კალორიას დღეში, რომელშიც, პრაქტიკულად, ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა შემცირებულია. ასევე გამოხატულია წამოდგომის დროს წნევის ვარდნა, რასაც გონების დაკარგვა არა, მაგრამ მისი წინარე მდგომარეობა მოჰყვება ხოლმე. შესაძლებელი და მოსალოდნელიცაა, ამას მოჰყვეს გონების დაკარგვა". – განმარტა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მისი თქმით, პენიტენციური სისტემის გარემო არ არის საკმარისი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

"აღნიშნული სიტუაცია ერთგვარ მანკიერ წრეს აყალიბებს. მდგომარეობა გაუარესებულია და გაუარესებული მდგომარეობა კიდევ უფრო აუარესებს ფსიქოლოგიურ სტატუსს. ჩვენ სულ ვიძლეოდით რეკომენდაციას ნეიროფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე.

მართალია, ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობს ამ ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც საბოლოოდ მოსდევს ცილოვანი შიმშილი". – თქვა წულაძემ.

ამასთან, კონსილიუმის დასკვნით, იანვრის ვიზიტის შემდეგ სახეზეა მანკიერი წრის ჩამოყალიბება:

  •  რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია;
  • საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე,  8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით;
  • ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;
  • ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ხაზგასმული, აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად, საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ, ცილოვანი შიმშილი გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.

"ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს". - წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები