რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის მერი: 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს დაავადებების, მძიმე პირობების გამო

REUTERS

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით,  წლის ბოლომდე განადგურებულ მარიუპოლში დაავადებებისა და გაუსაძლისი პირობებისგან შეიძლება 10 ათასზე მეტი ადამიანი მოკვდეს, ახლა ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია.

"ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. ამიტომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაბამისი იქნება. წამლებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, ქალაქში წყალმომარაგების აღდგენის და სათანადო კანალიზაციის გარეშე, ეპიდემიები იფეთქებს.

დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი ჯგუფების სიკვდილიანობა გაიზრდება".- ამბობს ბოიჩენკო. 

მისივე თქმით, მარიუპოლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ახლომდებარე დასახლებებიდან დაბრუნდა ქალაქში, რადგან მათ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე მკაცრი ფილტრაციის სისტემის გამო არ უშვებენ. 

"რუსები აგრძელებენ 24 თებერვალს დაწყებულ გენოციდს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია".- აღნიშნავს მერი. 

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები