რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება – მარიუპოლის მერის მრჩეველი

Alexander Ermochenko/Reuters

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

"ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იქ ჯერ კიდევ იმყოფებიან, არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმის ინტენსივობას. მძიმე არტილერია და ავიაცია განაგრძობდა ქარხნის დაბომბვას ორშაბათს [9 მაისი] მთელი დღის განმავლობაში". – თქვა ანდრიუშჩენკომ.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები