რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, ქარხანა 100-მდე ადამიანმა დატოვა

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო და 100-მდე ადამიანი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება.

"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი უკვე კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიაში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის". – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 მაისს რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფი აზოვსტალის ქარხანა 50-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გაერომაც, რომელიც წითელ ჯვართან ერთად პროცესში მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფ აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები