ლელო-ძლიერი საქართველო ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის სანქციების პაკეტში შეყვანას გამოეხმაურა. განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.
"ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობქარხნის დასანქცირება ქართული ოცნების რეჟიმისთვის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა არა ცალკეული ევროპული ქვეყანა, არამედ სრულიად ევროკავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს ჩვენს ისტორიაში სამწუხარო და შავი მომენტია. ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც საქართველო არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო.
ეს ერთი კომპანიის ან ქარხნის საკითხი არაა, ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როცა საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად მიჩნეულია, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი [...] ამით, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ზიანი მიადგა საქართველოს, როგორც სანდო და ღირებული სატრანზიტო ჰაბის რეპუტაციას". - თქვა გეგელიამ.
გეგელიას განცხადებით, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, საქართველო ამ ფაქტის წინაშე არ უნდა დამდგარიყო. ის ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, EU-მ ტრანზაქციები აკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში 6 თვეში შევა, იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს.
ტრანზაქციების აკრძალვა ნიშნავს, რომ ევროკავშირის კომპანიებსა და მოქალაქეებს არ შეუძლიათ, პირდაპირ ან ირიბად, შესაბამის კომპანიასთან ბიზნეს ტრანზაქციების წარმოება.




