მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზურაბიშვილი: ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას - იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან,  არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

"პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.  ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით". – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზეს. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ ვივამედში ჩაუტარდება ექსპრეზიდენტს გამოკვლევები და "საჭიროების შემთხვევაში" შესაბამისი მკურნალობა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები