მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ნაყოფიას თქმით, სააკაშვილი მომდევნო დღეებში ჩაიტარებს გამოკვლევებს, რადგან დღეს ოჯახის წევრებს ხვდება. მისივე ცნობით, კლინიკაში სააკაშვილს მხოლოდ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანენ და არა სამკურნალოდ.

"მან [მიხეილ სააკაშვილმა] უთხრა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. ოღონდ, საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს". - ამბობს კობა ნაყოფია.

დღეს, 10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზეს. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ ვივამედში ჩაუტარდება ექსპრეზიდენტს გამოკვლევები და "საჭიროების შემთხვევაში" შესაბამისი მკურნალობა.


სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები