რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვის მებრძოლები ვერ ადასტურებენ, რომ აზოვსტალიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს

Alexander Ermochenko/Reuters

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ, რომ რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. პალამარი ამბობს, რომ სპეციალური ტექნიკის გარეშე შეუძლებელია ქარხნის შენობების ნანგრევების მოშორება და იმის გარკვევა, კიდევ არიან თუ არა მათ ქვეშ ცოცხალი ადამიანები.

პალამარის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ აგრძელებენ ტერიტორიის დაბომბვასა და ქარხნის შტურმს.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები