რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აზოვსტალში მყოფი სამხედროების გადასარჩენად დიპლომატიურ ვარიანტებზე ვმუშაობთ

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გაეროსა და წითელი ჯვრის დახმარებით აზოვსტალიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია შეძლეს. მისივე სიტყვებით, ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გამოსაყვანად დიპლომატიურ ვარიანტებზე მუშაობენ.  

გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან ევვაკუაციას ვაგრძელებთ. დღის [6 მაისის] განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ჩაატარა სამაშველო ოპერაცია 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალებისა და ბავშვების [გამოყვანისთვის]

ვიმედოვნებთ, რომ ისინი ორთვიანი დაბომბვის, მიწისქვეშა თავშესაფრებში ყოფნის შემდეგ უსაფრთხო ზონაში ჩამოსვლას მალე შეძლებენ. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დიპლომატიურ ვარიანტებზე ჩვენი სამხედროების გადასარჩენად, რომლებიც ჯერ კიდევ აზოვსტალში რჩებიან. ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები, მათ შორის, გავლენიანი სახელმწიფოები". - თქვა მან. 

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 ივლისს შეიჭრნენ. მანამდე, ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები