რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს

Slawomir Kaminski / REUTERS

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს. 

9 მაისი რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ნაწილისთვის სიმბოლური თარიღია, ვინაიდან დასავლეთისგან განსხვავებით, ნაციზმის დამარცხება სწორედ ამ დღეს აღინიშნება. 

აშშ-ს პრეზიდენტი კანონს ხელს დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერს. ფსაკის განცხადებით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინაში ბოლო მოვლენებს განიხილავენ, კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ მხარდაჭერას ქვეყანას და აჩვენებენ, რომ ჯგუფი კვლავ ერთიანია. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები