რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის 1941-45 წლის პროგრამის აღდგენას მხარი დაუჭირა

ლენდ-ლიზის პროგრამით გაგზავნილი შეიარაღება ინდოეთში, 1943 წლის 27 აპრილი

აშშ-ს სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად ერთხმად მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამის აღდგენის კანონპროექტი, რომელიც, კანონად ქცევის შემთხვევაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად მიაწოდოს.

ახალ კანონპროექტს ჰქვია უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი.

კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე უნდა გადაეცეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას, სადაც, თუ მან მხარდაჭერა მიიღო, გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს. 

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის. 

აშშ-ს სენატს მადლობა გადაუხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კომენტარები