უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 17 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ენგელს-2-ის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის დროს რუსული Tu-95 ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების მეშვეობით ავიაბაზაზე მიტანილი იერიში მოსკოვის წინააღმდეგ "შორი რადიუსის სანქციების" მორიგ წარმატებულ ოპერაციად დაახასიათა.
SBU-ს მიხედვით, შორი რადიუსის დრონებმა სამიზნემდე მისაღწევად დაახლოებით 800 კილომეტრი დაფარეს.
"SBU-ს შორი რადიუსის დრონებმა დაახლოებით 800 კილომეტრი დაფარეს სამიზნემდე. წინასწარი მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი კრიტიკულად დაზიანდა – მას კუდის მონაკვეთი სრულად მოწყდა." – განაცხადა სააგენტომ Telegram-ზე.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბომბდამშენს რუსეთი სისტემატურად იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშების მისატანად.
ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ 16 ივლისის ღამის საათებში უკრაინამ ენგელსის აეროდრომს დრონებით დაარტყა, რის შემდეგაც ავიაბაზაზე ხანძარი გაჩნდა.




