რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ოფიციალური კიევისგან ითხოვს, რომ აზოვსტალის მცველებს დანებება უბრძანოს

რუსული სამთავრობო მედიის, რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფთალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა. 

მედიის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს მის მებრძოლებს, რომლებიც  აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. ამასთან, რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ მზად არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოყვანა უზრუნველყოს. 

"რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ იარაღის დაყრის ბრძანება".- აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გუშინ, 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები