რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალში ეროვნული გვარდიის წევრები მთავრობას გარნიზონის სრულ ევაკუაციას სთხოვენ

კადრი ეროვნული გვარდიის ვიდეომართვიდან

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულმა უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებასა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართეს.

სამხედროების თქმით, აზოვსტალში ჰუმანიტარულმა მდგომარეობამ კატასტროფიკული სახე მიიღო.

"ქვეყნის უმაღლეს საბრძოლო-პოლიტიკურ ხელისფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და დახოცილთა სხეულების ევაკუაცია. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გამო, მოგიწოდებთ შეასრულოთ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია, რადგან ისინი ამად ღირან". – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

2 მაისს რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა განაახლეს.

ბოლო 2 დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი გამოყვანა შესაძლებელი გახდა, თუმცა, როგორც აზოვის წარმომადგენლები ამბობდნენ, მოქალაქეთა ნაწილი ქარხნის სარდაფებში კვლავ რჩებოდა. 

ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 2 მაისს შეფერხდა.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები