რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტები აზოვსტალს ბომბავენ, ქარხანაში დიდი ხანძარია

აზოვსტალის ქარხანა 2022 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში

რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანა, სადაც ქალაქი მარიუპოლის უკანასკნელი მცველები არიან გამაგრებული, სხვადასხვა ტიპის იარაღით დაბომბეს. იერიშის შედეგად ქარხანაში ხანძარია. 

ამის შესახებ Українська правда-სთან კომენტარი აზოვის პოლკის მებრძოლებმა გააკეთეს.

მედიის ინფორმაციით, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დანახვა ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება. 

აზოვის პოლკის მეომრები ცოცხლები არიან, თუმცა მათი დაბომბვა ავიაციისა და არტილერიის მიერ გრძლედება. მათი თქმით, პოზიციები უჭირავთ და აგრძელებენ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბოლო 2 დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი გამოყვანა შესაძლებელი გახდა, თუმცა, როგორც აზოვის წარმომადგენლები ამბობდნენ, მოქალაქეთა ნაწილი ქარხნის სარდაფებში კვლავ რჩებოდა. 

ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს, 2 მაისს შეფერხდა.

პარალელურად, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია სიმშვიდის რეჟიმის დარღვევასა და ცეცხლის გახსნას უკრაინელ სამხედროებს აბრალებს.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები