რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხანა კიდევ 50-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა – Reuters

აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქეები სოფელ ბეზიმენის დროებით თავშესაფარში, 1 მაისი
REUTERS/Alexander Ermochenko

კვირას, 1 მაისს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან გაეროს სიმბოლოებიანი მანქანებით კიდევ 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია ჯერ, დაახლოებით, 40-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმენში ჩავიდნენ. მოგვიანებით შეთანხმებულ თავშესაფრამდე კიდევ 14-მდე ადამიანი მივიდა.

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გაერომაც.

30 აპრილს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ აზოვსტალის ქარხნის ნანგრევებიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქის ამოყვანა და ევაკუაციისთვის შეთანხმებულ ადგილამდე მიყვანა შეძლეს. 

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფ აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პუტინი "პრინციპში" დათანხმდა ქარხნიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვას, თუმცა ამგვარი შეთანხმება კრემლმა უარყო.

28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გუტერეშმა თქვა, რომ  მას "ინტენსიური დისკუსიები" ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, სჯერა, რომ შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე "წარმატებულ შედეგს" მიაღწიონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები