რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პალამარი: აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციის ადგილამდე მივიყვანეთ

აზოვსტალის ქარხანა
УНИАН

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ნანგრევებიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქის ამოყვანა და ევაკუაციისთვის შეთანხმებულ ადგილამდე მიყვანა შეძლეს. 

"შეხვედრის შეთანხმებულ ადგილას 20 მშვიდობიანი მოქალაქე მივიყვანეთ, რომლებიც ნანგრევებიდან გადავარჩინეთ. ისინი ქალები და ბავშვები არიან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები ზაპოროჟიამდე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მიაღწევენ". – თქვა პალამირმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კვლავ გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელსაც აზოვის სამხედროები აწარმოებენ.

ბოლო მონაცემებით, აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პუტინი "პრინციპში" დათანხმდა ქარხნიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვას, თუმცა ამგვარი შეთანხმება კრემლმა უარყო.

28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გუტერეშმა თქვა, რომ  მას "ინტენსიური დისკუსიები" ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, სჯერა, რომ შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე "წარმატებულ შედეგს" მიაღწიონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები