რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: დღეს აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია დღეს, 29 აპრილს მოხდება.

"მშვიდობიანი მოსახლეობის ქარხნიდან გამოყვანის ოპერაცია დღეს იგეგმება". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

"ჩვენ ორივე მხარის კეთილგანწყობაზე ვართ დამოკიდებული". - თქვა გაეროს კრიზისის კოორდინატორმა.

26 აპრილს, ვლადიმირ პუტინისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაზე არ მიღწეულა კონკრეტული შეთანხმება მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვის შესახებ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაშიინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები