რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NBC News: აშშ-ს დაზვერვა უკრაინას რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაეხმარა

უკრაინაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი

NBC News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, აშშ-ს დაზვერვა უკრაინის მხარეს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად სად და როდის ჩამოვარდებოდა რუსული რაკეტები, რაც მათ საშუალებას აძლევდა საჰაერო თავდაცვის სისტემები სახიფათო ზონიდან გამოეყვანათ. მედიასთან ამის შესახებ აშშ-ს ამჟამინდელმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, აშშ უკრაინას აწვდიდა თითქმის თანადროულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა. NBC-ის ცნობით, ეს შემთხვევა ომის საწყის ეტაპზე მოხდა და უკრაინელებს კეივის აეროპორტზე თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარა. 

ეს იყო ნაწილი იმისა, რასაც დასავლელი მაღალჩინოსნები დაზვერვის მასიური და უპრეცედენტო გაზიარების ოპერაციას უწოდებენ.

"დასაწყისიდან ჩვენ ძლიერად გადავიხარეთ სტრატეგიული და სამოქმედო სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინასთან გაზიარებისკენ. ამას ჰქონდა გავლენა როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ დონეზე. არის მაგალითები, რომელთა მიხედვითაც ცხადად იტყვი, რომ ამან მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა". – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NBC-სთან.

"უკრაინელებს რეგულარულად ვაწვდით დეტალურ, დროულ სადაზვერვო ინფორმაციას ბრძოლის ველზე, რათა დავეხმაროთ საკუთარი ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დაცვაში და ასეც გავაგრძელებთ". – თქვა NBC-სთან თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.

აშშ-ს დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება შეუძლებოდა რუსეთის კონკრეტული ძალების წინააღმდეგ.

"ხშირი იყო დაზვერვის ინფორმაციის თანადროული გაზიარება, რისი გამოყენებაც რუსეთის კონკრეტული ძალების სამიზნეში ამოსაღებად შეიძლებოდა. მაგრამ, ასევე, სხვა სახის ბევრი სადაზვერვო ინფორმაციაც იყო, მაგალითად სად აქტიურობდნენ რუსი სამხედროების კონკრეტული ტიპები". – აღნიშნა NBC-სთან აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები