რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: პუტინი დათანხმდა აზოვსტალიდან ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

"ანტონიო გუტერეშმა ასევე გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ განიხილეს წინადადებები ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ". – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის განცხადებაში.

ბოლო ცნობებით, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები