რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ბირთვული ომის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს – ჰიპი ლავროვს პასუხობს

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპიმ BBC-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარები უკრაინა-რუსეთის ომში ბირთვული იარაღის საფრთხესთან დაკავშირებით უარყო და მათ "ბრავადო" უწოდა

სერგეი ლავროვმა მსოფლიო ბირთვული ომის რისკებზე გააფრთხილა და თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დასავლეთის რუსეთთან მარიონეტულ ომში ჩართვას ნიშნავს. 

"დაახლოებით, 15 წლის განმავლობაში, რაც სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, მისი საფირმო ნიშანი მსგავსი გადამეტებული ტრაბახი და სითავხედეა, რასაც მე "ბრავადოს" ვუწოდებ. 

რასაც დასავლეთი თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებს, საკმაოდ კარგად ორგანიზებული და გათვლილია. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ესკალაციის გარდაუვალი საფრთხე არსებობს". - თქვა ჯეიმს ჰიპიმ.

ჯეიმს ჰიპიმ BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრემლისთვის  იმის მტკიცება, რომ NATO-სთან დაპირისპირებაში არიან, საკმაოდ დამახასიათებელია. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის თქმით, მოსკოვი ამ ბრალდებებს ომამდეც ავრცელებდა, "თუმცა, ეს სისულელეა და ამის შესახებ ლავროვმაც იცის".

ასევე, ჰიპიმ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის მხრიდან რუსეთის ლოგისტიკურ ხაზებსა და საწვავის მიწოდებაზე დარტყმა და აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც დასავლეთი უკრაინას აწვდიდა, რუსეთში გამოყენების შესაძლებლობასაც მოიაზრებდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ამის ფონზე, კი რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს "რუსოფობიაში" ადანაშაულებს.

კომენტარები