რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა – ბოიჩენკო

REUTERS

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს

ბოიჩენკოს ცნობით, ქალაქში 100 000 ადამიანზე მეტი რჩება. 

"ჩვენ დღეს უკვე გვაქვს სამწუხარო რიცხვი - 20 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები, სამწუხაროდ, დაიღუპა" . - ამბობს ბოიჩენკო. 

ბოიჩენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები მათ მოქალაქეების ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. 

"ჩვენ ვიცით, რომ, სამწუხაროდ, 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება მარიუპოლში. ისინი გვთხოვენ, რომ ვიხსნათ. მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა - სამწუხაროდ, 2 დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები შლიან ევაკუაციის მცდელობებს, არ უშვებენ მოქალაქეებს, რომლებიც გამოცხადებულ ადგილას იკრიბებიან. მათ აბუჩად იგდებენ". - ამბობს ბოიჩენკო.  

პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დღეს, 24 აპრილს რუსეთს მარიუპოლში სააღდგომო ზავის გამოცხადება და მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდის გამართვა შესთავაზა. 

ბოლო ცნობებით, არიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები