რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლიდან ხალხის ჰუმანიტარული დერეფნით გაყვანის მცდელობა კიდევ ჩაიშალა – ვერეშჩუკი

Chris McGrath/Getty Images

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მცდელობა, მარიუპოლიდან მოქალაქეები ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოეყვანათ, კიდევ ერთხელ ჩაიშალა. 

მისივე სიტყვებით, ქალაქიდან ხალხის გამოყვანას ხვალ, 25 აპრილს კიდევ ერთხელ ცდიან.  

ვიცეპრემიერის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფანი არ გაიხსნა, რადგან რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები არ ჰქონდათ. მისივე სიტყვებით, იმედი აქვთ, რომ გაერო დერეფნის საკითხზე შუამავლობას შეძლებს. 

პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დღეს, 24 აპრილს რუსეთს მარიუპოლში სააღდგომო ზავის გამოცხადება და მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდის გამართვა შესთავაზა. 

ბოლო ცნობებით, არიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები