რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ძალები მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას უწყვეტად უტევენ – პოდოლიაკი

აზოვსტალის ქარხანა
УНИАН

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიახილო პოდოლიაკის ცნობით, რუსული ძალები მარიუპოლში ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაზე თავდასხმას აღდგომის კვირასაც უწყვეტად აგრძელებენ.

"მართლმადიდებლური აღდგომა 2022 – მაგრამ ახალ რუსეთის ფედერაცია უწყვეტად უტევს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას. ადგილს, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები იმყოფებიან, თავს ესხმიან ბომბებით და არტილერიით. რუსეთი იკრებს ძალებსა და აღჭურვილობას თავდასხმისთვის". – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთს მარიუპოლში სააღდგომო ზავის გამოცხადებასა და მარიუპოლის შესახებ მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდის გამართვას სთავაზობს.

"რუსეთმა უნდა იფიქროს მისი რეპუტაციის დარჩენილ ნაწილზე. ამისთვის აუცილებელია სამი საფეხური: 1. გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლში. 2. დაუყოვნებლივ გახსენით ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 3. შევთანხმდეთ "მოლაპარაკების სპეციალურ რაუნდზე", რათა მივიღოთ/გავცვალოთ ჩვენი სამხედროები". – წერს პოდოლიაკი.

ბოლო ცნობებით, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები