რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული ALFA BANK-ის შვილობილი კომპანია გაკოტრდა

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსული Alfa Bank-ის შვილობილი კომპანია, ამსტერდამის სავაჭრო ბანკი (ATB) გაკოტრდა.

ამსტერდამის ცენტრალურმა სასამართლომ ბანკის გაკოტრება გამოაცხადა, შესაბამისად, ანგარიშების მფლობელებისთვის, დეპოზიტების გარანტიის სქემა გაააქტიურა.

ATB-ში ანგარიშის მფლობელები დეპოზიტების გარანტიის სქემით მაქსიმუმ 10,000 ევროს მიიღებენ. ბანკს ჰყავს 23 000 კერძო ანგარიშის მფლობელი. სქემით გარანტირებული სრული თანხა დაახლოებით 700 მილიონ ევროს შეადგენს.

6 აპრილს აშშ-მ Alfa bank-ს "სრული ბლოკირების" სანქციები დაუწესა. ეს სანქციები ATB-სა და 5 სხვა შვილობილ კომპანიასაც შეეხო. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, დიდი შვიდეული (G7) აპირებს, რუსეთს ჩამოართვას ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები