რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა

Drew Angerer / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, "საეჭვოა", აკონტროლებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მარიუპოლს. მისი განცხადებით, "ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა“. ბაიდენმა ასევე მოუწოდა პუტინს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში, რათა აზოვსტალის ქარხანაში ჩარჩენილმა ადამიანებმა გასვლა შეძლონ. 

"ეს არის ის, რასაც ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაური გააკეთებს ნებისმიერ ვითარებაში”, - დასძინა ბაიდენმა.

21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. თავად სერგეი შოიგუს თქმით კი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი სრულად დაიკავეს, ხოლო აზოვსტალის ტერიტორია ჩაკეტეს.

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს რამდენჯერმე მოუწოდა დანებებისკენ.  

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები