რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: სასწრაფოდ ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს აზოვსტალთან!

ირინა ვერეშჩუკი

"სასწრაფოდ ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალთან!" - წერს უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი.

"აზოვსტალში ახლა, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ყველა უნდა გაიყვანონ აზოვსტალიდან!

მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა აზოვსტალისკენ მიმართონ. ახლა ეს საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტია ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!" - წერს ირინა ვერეშჩუკი. 

დღეს, 21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. 

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს რამდენჯერმე მოუწოდა დანებებისკენ.  

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები