რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: მარიუპოლს რუსეთის ჯარი აკონტროლებს, აზოვსტალი საიმედოდ ჩაკეტილია

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი სრულად დაიკავეს, ხოლო აზოვსტალის ტერიტორია სრულად არის ჩაკეტილი. ამის შესახებ შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა.

"დღეს მთელი მარიუპოლი რუსეთის არმიის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხოლო აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია, იქ მყოფი ნაციონალისტების ნარჩენებითა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლებით, საიმედოდ არის დაბლოკილი". – თქვა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, რუსეთის ჯარებს სამი-ოთხი დღე სჭირდებოდათ აზოვსტალზე სამუშაოების დასასრულებლად.

"რაც შეეხება მათ, ვინც გაიქცა აზოვსტალის ქარხანაში: [ისინი] იქ მთელს პერიმეტრზე  საფუძვლიანად არიან ჩაკეტილები. დაახლოებით, სამი-ოთხი დღე გვჭირდება აზოვსტალზე ამ სამუშაოს დასასრულებლად". – თქვა შოიგუმ. 

ვლადიმირ პუტინმა შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. 

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები