2 ივნისის ღამის საათებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც რუსულმა მხარემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 ჩამოაგდო, თუმცა, ამის მიუხედავად რუსეთის თავდასხმას, რომლის მთავარი სამიზნეც დედაქალაქი კიევი და სხვა რეგიონებიც იყო, მსხვერპლი მოჰყვა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე რუსეთის იერიშს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა კიდევ 58, მათ შორის, ორი ბავშვი. ამასთან, ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა ქალაქ დნიპროში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, იერიშის ფარგლებში რუსეთმა უკრაინისკენ გაუშვა 8 ხომალდსაწინააღმდეგო "ცირკონის" ტიპის რაკეტები, "ისკანდერის" ტიპის 33 ბალისტიკური რაკეტა, "კალიბრისა" და X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტები და 656 "შაჰედის" ტიპის დრონი.





