რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: მზად ვართ მარიუპოლში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებები გავმართოთ

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე მარიუპოლში რუსეთთან სპეციალური მოლაპარაკების რაუნდის გამართვაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

"დიახ. ყოვლეგვარი წინაპირობის გარეშე. მზად ვართ სპეციალური მოლაპარაკებების რაუნდი მარიუპოლში ჩავატაროთ. ერთი ერთზე. ორი ორზე. რათა გადავარჩინოთ ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები. ყველა. რადგან ისინი ჩვენიანები არიან. რადგან ისინი ჩემს გულში არიან. სამუდამოდ". – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

აქამდე, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, ფრაქცია ხალხის მსახურის მეთაური და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩავიდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქში და რუსეთის წარმომადგენლებთან სამხედროების ევაკუაცია განიხილონ.

როგორც აზოვის პოლკის მებრძოლები აცხადებენ, ისინი დანებებას არ აპირებენ, თუმცა თანახმა არიან ევაკუაციაზე, თუ მესამე სახელმწიფო ამის პასუხისმგებლობას აიღებს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

მარიუპოლში 20 აპრილს დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, თუმცა, როგორც უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა თქვა, "დერეფანმა გეგმის მიხედვით ვერ იმუშავა", რაშიც რუსი ოკუპანტები დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მცირე ნაწილმა ზაპოროჟიეში ევაკუაცია შეძლო.

კომენტარები