რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში უკრაინის ჯარმა რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლა – სინეგუბოვი

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე დასახლება – ლებიაჟიე, ბაზალიევკა და კუტუზოვკას ნაწილი – ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით, სოფელ მალაია როგანთან.

"ხარკოვის ოლქში ჩვენი დამცველები რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას ატარებენ, რის შედეგადაც ოკუპანტებს რეგიონის ცენტრიდან აშორებენ". – წერს ოლეგ სინეგუბოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები