რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დენისოვა: ხერსონში ფსევდორეფერენდუმი პირველიდან ათ მაისამდე იგეგმება

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება პირველიდან ათ მაისამდეა დაგეგმილი. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმისთვის ბიულეტენთა ბეჭდვა დაწყებულია.

"რაშისტები არ ამბობენ უარს განზრახვაზე, შექმნან ე.წ. ხერსონის რესპუბლიკა. რისთვისაც იყენებენ ლუგანსკსა და დონეცკში ნაცად სქემას - ფსევდორეფენდუმს, რომლებიც ემსახურებოდა არა ხალხის ნების გამოვლენას, არამედ ყალბი სურათის შექმნას რუსული მედიისთვის. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქ ნოვა კახოვკას სტამბაში იბეჭდება ბიულეტენები "რეფერენდუმის"  ჩასატარებლად. როგორც ჩანს, "კენჭისყრის" შედეგების შესახებ ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და რეგიონულ ცენტრებს მიეწოდება". - თქვა დენისოვმა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის დღეს ხერსონის ჩაკეტვა და ყველანაირი კომუნიკაციის შეზღუდვა იგეგმება. 

"ოკუპანტებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება გაუჭირდებათ, რადგან რაშისტების მიერ იარაღით მუქარისა და აქციის ძალადობრივად დარბევის მიუხედავად, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს პროტესტს, მოწოდებით - "ხერსონი უკრაინაა". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები