რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"МОСКВА კვლავ ცურავს" – რუსეთი ამტკიცებს, რომ კრეისერი არ ჩაძირულა

კრეისერი მოსკოვი
TASS

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კრეისერი МОСКВА, რომელიც, უკრაინის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეტევის შემდეგ ჩაიძირა, კვლავ ფუნქციონირებს.

"კრეისერ МОСКВА-ზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ცეცხლი არ შეინიშნება. საბრძოლო მასალის მარაგი აღარ ფეთქდება. 

კრეისერი МОСКВА კვლავ ცურავს. მთავარი სარაკეტო შეიარაღება დაზიანებული არ არის.  

კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია შავის ზღვის ფლოტის გემებში განხორციელდა. კრეისერის პორტში გაყვანის მიზნით ზომებს ვიღებთ". - წერია განცხადებაში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზს ადგენენ. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერი МОСКВА ჩაიძირა. 

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. ინფორმაცია მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

"დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი Москва დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!". – თქვა მარჩენკომ.

არესტოვიჩის ინფორმაციით, სარაკეტო კრეისერზე ეკიპაჟის 510 წევრი იყო. მოგვიანებით, კრეისერზე ხანძრის გაჩენის ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც - მათი ცნობით, ეკიპაჟი ევაკუირებულია, ხომალდი კი სერიოზულად დაზიანდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები