რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაში, ხარკოვის ოლქზე იერიში 53-ჯერ მიიტანეს. დაბომბვების შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, 7 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"რუსები ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორს აგრძელებენ. ბოლო 24 საათში მათი იერიშების შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, რომელთა შორის 3 ბავშვია. 7 პირი კი დაიღუპა. აგრეთვე, საავადმყოფოში დაიღუპა 2 წლის ბიჭი, რომელიც ოკუპანტების დაბომბვის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაიჭრა. რუსებს ამ ყველაფერს არ ვაპატიებთ. მსურს, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ხარკოვში ევაკუაციის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად დიდი რაოდენობის რუსულ ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ანადგურებენ. გჯეროდეთ მათი და სიმშვიდე შეინარჩუნეთ". - წერს სინეგუბოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები