საქართველო-ევროკავშირი

სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. ორგანიზაციები ამ მოთხოვნით პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ.

"ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, მსგავსი კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს". – ნათქვამია ორგანიზაციების მიმართვაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  • სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ღია სივრცე კავკასია
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • კავშირი საფარი
  • ციხის საერთაშორისო რეფორმა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კითხვარი გადასცა. საქართველოსთან ერთად ვარჰეიმ წევრობის განაცხადზე კითხვარი მოლდოვასაც გადასცა. უკრაინის პრეზიდენტს კი იგივე დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისგან 8 აპრილს უკრაინაში ვიზიტის დროს გადაეცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

კომენტარები