მოლდოვა

მოლდოვის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

Maia Sandu / Facebook

მოლდოვის პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერეს. საქართველოსთან ერთად მოლდოვის ნაბიჯიც რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მიერ კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებულად შეტანას მოჰყვა.

"ჩვენი იმედი გვაქვს ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვის მიმართ კარგებიც იყვნენ და ცუდებიც. ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების აღსრულებით ევროკავშირი მთელ მსოფლიოს დაანახებს, თუ რამდენად დიდია დემოკრატიისა და თავისუფლების ძალა". – ნათქვამია მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი დღეს, 3 მარტს მოაწერა.

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენდა. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.

კომენტარები