საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეომიმართვისას თქვა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. 

ევროპელობა სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია" - თქვა ღარიბაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენდა. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო დასავლეთისგან. მისი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების საკითხი დააყენა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის გამო, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროკავშირში განაცხადის შეტანის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.

კომენტარები