ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვი: საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დავუჭერ, მადლობა ღმერთს, რომ სსრკ-ში დავიბადე

ბიბილოვი
TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ის საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დაუჭერს. 

"ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა. 

ბიბილოვმა აღიარა, რომ "1930-იან წლებში სერიოზული ექსცესები" იყო, მაგრამ, მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ "მისი მოქალაქეებისთვის", არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

"სინამდვილეში, დიდი სამამულო ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე ევროპაში ომი არ ყოფილა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე იუგოსლავიამ, სამხრეთ ოსეთმა, აფხაზეთმა, ცენტრალურმა აზიამ მთელი მსოფლიო ააღელვა. ბრალი ამაში, პირველ რიგში, აშშ-ს მიუძღვის, რადგან მას არ აწყობდა საბჭოთა კავშირის მსგავსი ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც ეროვნებებსა და ხალხებს ასეთი შინაგანი ურთიერთობები ჰქონდა". - აღნიშნა ბიბილოვმა.

მანამდე, 30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმს ჩაატარებენ.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვი ამბობდა, რომ, თუ ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ის, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ერთეული, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.

კომენტარები