ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ

სპუტნიკი

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი - ზომებს მალე მივიღებთ" - ამბობს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.  

ბიბილოვი რუსეთს 2008 წელს "ოსი ხალხის დაცვისთვის" მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი ერთ სახელმწიფოში, რუსეთში გაერთიანებაა. ბიბილოვის კომენტარს პარტია ერთიანი რუსეთის პრესსამსახური ავრცელებს

"უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება, გაგება, რომ არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, მოხდა აქ, სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს, როცა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამის გამო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის ყოველთვის მადლიერი ვიქნებით.

ძმებო და დებო, მადლობა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის, გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ  2014 წელს გვქონდა შესაძლებლობა, აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფებაა. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი". - ამბობს ის.  

კომენტარები