რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7: უკრაინაში ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლები გასამართლდებიან

G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანად დაგმეს რუსეთის ძალადობა უკრაინის ტერიტორიაზე. მათი თქმით, უკრაინაში მასობრივ მკვლელობაში პასუხისმგებლები საერთაშორისო სამართლის წინაშე პასუხს აგებენ.

"აგრესორის მიერ ხოცვა-ჟლეტა ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში იქნება ჩაწერილი, სისასტიკისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სიაში. [...] ხაზს ვუსვამთ, რომ ამ საზიზღარ ქმედებებზე და სისასტიკეზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ნებისმიერ თავდასხმაზე და მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე პასუხისმგებლები გასამართლდებიან". – ნათქვამია განცხადებაში

საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-ის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის შესაძლებლობების მაქსიმალურად შეზღუდვას, მათ შორის რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის დაჩქარებით.

"საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კოორდინირებული დამატებითი შემზუდველი ზომებით, G7 უზრუნველყოფს და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე, რათა ეფექტურად შეეზღუდოს მას უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობები. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, რომ შევაჩეროთ სანქციების გვერდზე ავლის ნებისმიერი მცდელობა ან სხვა საშუალებებით რუსეთის დახმარება. ჩვენ ვიღებთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების გეგმა დავაჩქაროთ და ჩვენ ამას ერთად ბოლომდე მივიყვანთ". – წერია განცხადებაში

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი წერს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "პასუხისგებაში მისცენ". 

"G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული ომის გამო, რომელსაც პროვოცირება არ ჰქონია. [G7 მზად არის] უზრუნველყოს, რომ ის სტრატეგიულ მარცხს განიცდის უკრაინაში". - წერს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები