აშშ-საქართველო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. 

რათა ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მოდმევნო ეტაპზე ის უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე, შემდეგი დამტკიცებისთვის კი ის აშშ-ს სენატს გადაეცემა.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მხარდამჭერი აქტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ახლა, როცა პუტინის კამპანია უკრაინაში გრძელდება, ვშიშობ, შესაძლოა, მან საკუთარი მრისხანება აღმოსავლეთისკენ შეაბრუნოს, რათა სახე შეინარჩუნოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისე, როგორც არასდროს, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება". – აღნიშნა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კანონპროექტის განხილვის დროს. 

კინზინგერის თქმით, კანონპროექტის დამტკიცება იქნება ძლიერი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის.

"წლევანდელ კანონპროექტში გაკეთებული პატარა ცვლილებები მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების პოზიციას, პარალელურად უზრუნველყოფს იმას, რომ მათმა ახალგაზრდა დემოკრატიამ განაგრძოს ზრდა, რუსეთის აგრესიის შიშის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აშშ-ს მტკიცე პარტნიორია. 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველო შეუერთდა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრი არ იყო. მათ გამოყვეს უდიდესი ძალა NATO-ს არაწევრებიდან და ავღანეთის ომში იყვნენ უდიდესი კონტრიბუტორები ერთ სულ მოსახლეზე. აშშ-საქართველოს უსაფრთხოების კოოპერაციის გაღრმავებით, პუტინს ვუგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ აშშ საკუთარი მოკავშირეების გვერდით დგას. ასე რომ, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მხარდაჭერის აქტს". – დაამატა კინზინგერმა.

კომენტარები