რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გარდაცვლილებით სპეკულირებას თავი დაანებეთ" – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

"საერთოდ, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ". - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაკრძალვას. 

"მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს, მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი ღირსეულად დაკრძალვა, ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა, ისე, როგორც შეეფერებოდა ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. 

მე კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, გარდაცვლილი სამხედროებით, მათი სიკვდილით, ამ უბედურებით, ტრაგედიით, ნუ შევეცდებით დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა, ეს არის ამორალობა". - ამბობს ის. 

უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები