რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის გავლით სამშობლოში 421 000 უკრაინელი დაბრუნდა

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, უკრაინიდან პოლონეთის საზღვრისკენ მიმავალი ადამიანების რიცხვი მცირდება, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებული უკრაინელების რაოდენობა იზრდება.

უახლესი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე პოლონეთიდან უკრაინაში 421 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის, გუშინ, პირველ აპრილს, პოლონეთი-უკრაინის საზღვარი 15 000-ზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 2 437 000 ადამიანმა გადაკვეთა.

გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. აქედან 4 მილიონმა ქვეყანა დატოვა, ხოლო დანარჩენი 6.5 მილიონი ქვეყნის შიგნით გადაადგილდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები