რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა გერმანული გამოცემა Bild დაბლოკა

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთმა გერმანული გამოცემის, Bild-ის ვებგვერდზე წვდომა შეაჩერა

ვებგვერდის შეზღუდვა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მოხდა, რომელიც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა შეასრულა. ამ გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზი არ დასახელებულა. 

CNN-თან გაკეთებულ კომენტარში, გამოცემის მთავარი რედაქტორი, იოჰან ბოი შეზღუდვის სავარაუდო მიზეზად გაზეთის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტურად გაშუქებას ასახელებს.

"რუსული ცენზურის გადაწყვეტილება იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ დემოკრატიული პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ანუ ვმუშაობთ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. მათი გადაწყვეტილება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებს მივცეთ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, რუსული პროპაგანდის მიღმა". - აღნიშნავს იოჰან ბოი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები