რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება არ დაუფიქსირებია

MARK MAKELA / GETTY IMAGES

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ფაქტი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 მარტს ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

"წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბაიდენისა და სი ძინფინგის საუბრის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას. ბაიდენმა ცხადად უთხრა ჩინეთის პრეზიდენტს, რომ ასეთი სახის აღჭურვილობის მიწოდებას შედეგები ექნება". – თქვა სალივანმა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინფინგი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება. 

გასულ დღეებში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში.

ამას გარდა, 14 მარტს კვლავ FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 მარტს ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიანრონგმა თქვა, რომ ჩინეთი უკრაინას "არასდროს დაესხმება თავს".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები